ლელომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის გუნდის ნაწილი წარადგინა
პარტიამ ლელომ საქართველოსთვის 17 აგვისტოს, ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება, პარტიული სიისა და მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა.
აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის ლელოს პარტიული სიის ნაწილი ასე გამოიყურება:
- გიორგი თავართქილაძე – ფინანსისტი;
- ვაჟა დარჩია – პოლიტიკის მეცნიერი და სამოქალაქო აქტივისტი;
- მაკა ცინცაძე – იურისტი;
- მიხეილ ქავთარაძე – იურისტი;
- გიორგი დარჩია – არქიტექტორი;
- ზვიად დიასამიძე – ისტორიკოსი;
- ეკა დავითაძე – მასობრივი კომუნიკაციების სპეციალისტი;
- გოჩა ჟღენტი – ექიმი-ტრავმატოლოგი და სატყეო-საინჟინრო საქმის სპეციალისტი;
- რაულ პაქსაძე – ექიმი-ტრავმატოლოგი;
- საბრი ბრუნჯაძე – ფსიქოლოგი;
- ივანე ფირცხალეიშვილი – ეკონომისტი;
- დავით მამულაძე – ექიმი-ალერგოლოგი;
- გულნარა აბაშიძე – ექიმი.
ლელოში „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ წარმოდგენილი პარტიული სიის რიგითობა პირობითია და ის შეიცვლება. აგრეთვე, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, სიას რამდენიმე ადამიანი კიდევ დაემატება (მინიმუმ 5).
რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად ლელოს სახელით ბათუმიდან გენადი თებიძე, ხოლო ხელვაჩაური, ქედა, შუახევისა და ხულოს ოლქიდან მერაბ აბაშიძე იბრძოლებენ. ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატს პარტია მუნიციპალიტეტში ოფისის გახსნისას წარადგენს.
ცოტა ხნის წინ, 12 აგვისტოს, ლელომ აჭარის რეგიონიდან საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატებიც წარადგინა. რეგიონიდან ლელოს სახელით კენჭს იყრიან:
- ჯამბულ ხოზრევანიძე – ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო;
- ირაკლი კუპრაძე – ბათუმი;
- პაატა ცივაძე – ქობულეთი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის თანახმად, პარტიის მიერ წარდგენილ სიაში უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 18-ზე ნაკლები და 30-ზე მეტი. ამჟამად, აჭარის უმაღლეს საბჭოში, 15 პროპორციული და 6 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატია. ახლახან მიღებული ცვლილებების მიხედვით კი, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, უმაღლეს საბჭოში 4 წლის ვადით, 18 პროპორციული და 3 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი შევა.
პარტიის ლიდერის შეფასება
ბათუმში, პარტიული სიისა და მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ წარადგინა, რომელმაც ბათუმის კაზინოების ქალაქიდან ახალი ტექნოლოგების და ინოვაციების ეპიცენტრად გადაქცევის პირობა დადო.
მანვე მმართველი გუნდი ქალაქში მიმდინარე ქაოსური მშენებლობების, რეგიონში არსებული ნეპოტიზმისა და კორუფციის გამო გააკრიტიკა. ხაზარაძე ადგილობრივებს გემთმშენებლობისა და თევზჭერის წარმოების განვითარების გზით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას დაჰპირდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)