სომხეთის ოფიციალური პირის თქმით, საქართველო დეზინფორმაციის სამიზნე გახდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, ედუარდ აღაჯანიანმა 7 ოქტომბერს სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც თავის თანამემამულეებს მოუწოდებს, რომ არ აჰყვნენ დეზინფორმაციას, რომელიც საქართველოსა და ქართველებს მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარდამჭერებად წარმოაჩენს.
აღაჯანიანმა სოციალურ მედიაში არსებულ „შემაშფოთებელ ტენდენციებზე“ ისაუბრა, სადაც „გარკვეული ყალბი ანგარიშები, რომლებიც ცნობილი და უცნობი ცენტრებიდან იმართება, საზოგადოებრივ აღქმაზე გავლენის მოხდენასა და კონფლიქტში საქართველოსა და ქართველების აზერბაიჯანული მხარის მხარდამჭერებად წარმოჩენას ცდილობენ“.
„მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და თავი შეიკავოთ ამგვარი დეზინფორმაციის შექმნისა და გავრცელებისგან“, – წერს იგი. მისი თქმით, სომხეთისა და საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები ეფექტიანად მუშაობენ აქტუალური საკითხების მოსაგვარებლად, რომელთაგანაც ბევრი „ერთობლივი ძალისხმევით“. უკვე მოგვარებულია.
„ჩვენი მოძმე ერების ათასწლოვანი მეგობრობა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება, რადგანაც ის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ აჰყვებით მიზანმიმართულ პროვოკაციებს და შეინარჩუნეთ სოლიდარობა ქართველ ხალხთან, როგორც ინტერნეტში, ისე მის გარეთ“, – განაცხადა აღაჯანიანმა.
მანამდე, 6 ოქტომბერს, საქართველოში სომხეთის საელჩომ ასევე უარყო და დეზინფორმაციად შეაფასა სოციალურ მედიაში გავრცელებული ბრალდებები, რომ საქართველო სომხეთისაკენ საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების გატარებას აბრკოლებს.
მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტში საქართველოს ირიბი ჩართულობის შესახებ დეზინფორმაცია საქართველოს ოფიციალურმა პირებმაც არაერთხელ უარყვეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)