ომის ვეტერანების ჯგუფი აფხაზეთის ლიდერს გადადგომისკენ მოუწოდებს
11 მარტს გამართულ ყრილობაზე, ოკუპირებული აფხაზეთის ომის ვეტერანების გავლენიანმა ჯგუფმა „არუაამ“ ოკუპირებული რეგიონის ლიდერს, ასლან ბჟანიას ნებაყოფლობით გადადგომისკენ მოუწოდა.
საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, „არუაას“ თავმჯდომარემ, თემურ გულიამ განაცხადა, რომ რევოლუციების სერია უნდა დასრულდეს და ამიტომ ასლან ბჟანიას ნებაყოფლობით გადადგომას სთავაზობენ.
ოპოზიციის მხარდამჭერები ბჟანიას გადადგომას მას შემდეგ ითხოვენ, რაც მისი ყოფილი თანაშემწე, ბენურ კვირაია თბილისს ესტუმრა. „არუაამ“ და სხვა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა გადადგომის მოთხოვნის მიზეზად რეგიონში შექმნილი ენერგოკრიზისი და „საგარეო პოლიტიკის კონცეფციის“ ის მუხლები დაასახელეს, რომლებიც დანარჩენ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებას ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციით, „არუაას“ ყრილობის პარალელურად, ბჟანიას „ადმინისტრაციის შენობის“ დასაცავად აფხაზურმა მილიციამ „განსაკუთრებული ზომები“ მიიღო. მანამდე, მათ „არუაას“ მხარდამჭერებს სიმშვიდისა და წესრიგისკენ მოუწოდეს.
იმავდროულად, ბჟანიას მხარდამჭერები სოხუმში მისი „ადმინისტრაციის შენობის“ წინ შეიკრიბნენ. აფხაზეთის ლიდერმა მათ უთხრა – „ჩვენი კურსი უცვლელი რჩება, ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთისა და მისი ხალხის ინტერესებს ვიცავთ, რუსეთის ფედერაციასთან პარტნიორობით“.
ასევე წაიკითხეთ:
- აფხაზეთის ომის ვეტერანები ბჟანიას გადადგომას ითხოვენ
- აფხაზი ოპოზიციონერები აპროტესტებენ „საგარეო პოლიტიკის კონცეფციის“ პუნქტებს საქართველოს შესახებ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)