ცხინვალის რეგიონს ახალი „პრემიერ-მინისტრი“ ჰყავს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა 39 წლის გენადი ბეკოევი „მთავრობის“ ახალ მეთაურად დანიშნა.
საინფორმაციო სააგენტო „რესი“ 12 მარტს იტყობინებოდა, რომ ოკუპირებული რეგიონის „პარლამენტმა“ ბეკოევის კანდიდატურას 19 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. ერთმა წევრმა, გარი მულდაროვმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური “დეპუტატების” ნაწილი ასევე დაესწრო სხდომას.
2020 წლის სექტემბერში ოპოზიციონერმა „დეპუტატებმა“ მანდატები შეიჩერეს და უარი თქვეს მუშაობის განახლებაზე, სანამ ოკუპირებული ცხინვალის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი „გენერალური პროკურორის“ ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენების შესახებ მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა და არ დაიწყებოდა გამოძიება ახალგაზრდა პატიმრის ინალ ჯაბიევის, სავარაუდოდ, წამებით გარდაცვალების თაობაზე.
ჯაბიევის გარდაცვალებასთან გამართული ფართომასშტაბიანი აქციების გამო 2020 წლის აგვისტოში ყოფილმა „პრემიერ-მინისტრმა“ ერიკ ფუხაევმა თანამდებობა დატოვა, ხოლო ანატოლი ბიბილოვმა მისი “მთავრობა” დაითხოვა.
მაშინ ბიბილოვმა ბეკოევი მთავრობის ახალ მეთაურად წარადგინა, თუმცა ამ დრომდე ეს უკანასკნელი „პრემიერ-მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებლად მსახურობდა, ვინაიდან ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა „დეპუტატებმა“ „საკანონმდებლო ორგანოს“ მუშაობა შეაჩერეს და მისი კანდიდატურა არ დაამტკიცეს.
მანამდე, ბეკოევს სხვადასხვა მაღალი რანგის თანამდებობები ეკავა, მათ შორის, იყო „მთავრობის მეთაურის მოადგილე“ და „ეკონომიკის მინისტრი“.
ასევე წაიკითხეთ:
- ცხინვალმა საკანონმდებლო კრიზისის ფონზე 2021 წლის ბიუჯეტი მიიღო
- ცხინვალში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება, მოსკოვი „კონსტიტუციის დაცვისკენ“ მოუწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)