ბჟანია ყოფილი თანაშემწის თბილისში ვიზიტის და „საგარეო პოლიტიკის კონცეფციის“ შესახებ საუბრობს

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ 9 მარტს აფხაზ „დეპუტატებთან“ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი ყოფილი თანაშემწის, ბენურ კვირაიას სადავო ვიზიტი თბილისში ამ უკანასკნელის „პირადი გადაწყვეტილება“ იყო.

ბჟანიამ აღნიშნა, რომ კვირაიას არასდროს მიუღია მისგან ნებართვა, რომ თბილისში მის ოფიციალურ წარმომადგენლად ჩასულიყო, რადგანაც „კარგად იცოდა“, თუ რა პოლიტიკური შედეგები მოჰყვებოდა მის ვიზიტს.

ბჟანიამ კვირაიასთან შეხვედრაც გაიხსენა, სანამ ეს უკანასკნელი თბილისს ესტუმრებოდა, სადაც უთხრა, რომ „თბილისში მისი თანაშემწის სტატუსით ვერ ჩავიდოდა“. „ვიცოდი, რომ შეუძლებელი იქნებოდა ამ ვიზიტის დამალვა“, – დასძინა ბჟანიამ.

კვირაიას ვიზიტთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკაზე საუბრისას, აფხაზეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ აფხაზეთში არ არსებობს რაიმე კანონი, რომელიც თბილისში ჩასვლას კრძალავს. მან სტატისტიკური მონაცემებიც მოიშველია იმ პირთა, მათ შორის, ეთნიკური აფხაზების შესახებ, რომლებიც აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გაემგზავრნენ, და განაცხადა, რომ „ზოგიერთი ადამიანი იქ სამკურნალოდ ჩადის“.

ბენურ კვირაიას ვიზიტს თბილისში აფხაზეთში საზოგადოების მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. აფხაზეთის ოპოზიციის მხარდამჭერები ცოტა ხნის წინ სოხუმში შეიკრიბნენ და კვირაიას ვიზიტი გააპროტესტეს. კვირაიამ, რომელმაც თბილისში ვიზიტამდე დატოვა თანამდებობა, განმარტა, რომ ის საქართველოს დედაქალაქში კერძო პირის რანგში ჩავიდა აფხაზეთისთვის ინვესტიციების მოსაზიდად.

სადავო „საგარეო პოლიტიკის კონცეფცია“

კვირაიას ვიზიტის გარდა, აფხაზეთის ლიდერმა 2020 წლის დეკემბერში მიღებული „საგარეო პოლიტიკის კონცეფციის“ შესახებაც ისაუბრა, რომელმაც რეგიონში პროტესტი გამოიწვია იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომელიც თბილისთან დიალოგს და ურთიერთობების ნორმალიზებას ითვალისწინებს.

ბჟანიამ აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია მზად არის დოკუმენტიდან ტერმინი „მრავალდონიანი მოლაპარაკებები თბილისთან“ ამოიღოს, თუ აფხაზეთის „პარლამენტი“ კონცეფციის შესწორებულ ვერსიას წარადგენს.

სადავო „საგარეო კონცეფცია“ შეიცავს მონაკვეთებს „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებისა და საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების“, ასევე „კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერების“ შესახებ.  ოპონენტები აცხადებენ, რომ თბილისთან მოლაპარაკებები შეუძლებელია, სანამ ის სოხუმის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)