აშშ-ის საელჩო „ქართული ოცნებას“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის „ნაჩქარევად“ შეცვლის გამო აკრიტიკებს
29 აპრილის საღამოს გავრცელებულ წერილში აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია“ მმართველი პარტია ქართული ოცნების მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების „ნაჩქარევად მიღების“ გამო.
„ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო“, განაცხადა საელჩომ და დასძინა, რომ „ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით“.
ამასთან, საელჩოს თქმით, დაინტერესებული მხარეების პროცესში ჩართულობის გარეშე მსგავსი ცვლილებების მიღება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. „ქართულ ოცნებას“, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, ამ სულისკვეთებით განახორციელოს 19 აპრილის შეთანხმება და მართოს ქვეყანა „გამჭრვირვალედ და ინკლუზიურად“, აღნიშნა საელჩომ.
„დროა, ყველა პარტიამ, განსაკუთრებით ქართულმა ოცნებამ, ერთად იმუშაოს პარლამენტში საქართველოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების გადასაჭრელად“, წერია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)