საქართველომ აშშ-ისგან „ფაიზერის“ ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა მიიღო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ნახევარი მილიონი ვაქცინა აჩუქა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ფაიზერის“ ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა ცოტა ხნის წინ ჩამოიტანეს.
აღნიშნული ვაქცინა გერმანული კომპანია „ბიოენტექისა“ (BioNTech-ისა) და ამერიკული ფირმა „ფაიზერის“ (Pfizer) ერთობლივი გარჯის პროდუქტია.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ის მთავრობას საჩუქრისათვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის თქმით, ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის ჩუქება შტატების მხრიდან საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერისა და ორ ქვეყანას შორის ბრწყინვალე თანამშრომლობის გამოხატულებაა.
საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. 23 ივლისის მდგომარეობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, აცრის დაწყების დღიდან ჯამში უკვე 391 781 მოქალაქე აიცრა, ამათგან 136 734 ორი დოზით, სრულადაა ვაქცინირებული.
ამ მომენტისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ „სინოფარმის“, „სინოვაკის“, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის ვაქცინები გამოიყენება.
23 ივლისს, საქართველოში (ოკუპირებულ რეგიონთა გამოკლებით) კოვიდ-19-ის 2460 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 398 081-ს მიაღწია. ამასთან, ვირუსისგან განიკურნა კიდევ 1 082 პირი, რითაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 370 565-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა კოვიდით ინფიცირებული კიდევ 20 მოქალაქე — ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში (ოკუპირებული აფხაზეთ-ცხინვალის გამოკლებით) ვირუსთან დაკავშირებული გარდაცვალების 5 656 შემთხვევაა აღრიცხული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)