ბიბილოვი უკრაინის წინააღმდეგ ომში ოსების მონაწილეობაზე საუბრობს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინაში რეგიონიდან რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის შენაერთები გაგზავნეს.
„მე არ გამიცია ბრძანება მე-4 სამხედრო ბაზისთვის, რადგანაც ეს რუსული არმიაა, მაგრამ როდესაც ჩვენი მეგობარი სამიზნეა… ჩვენ გვერდით დავუდგებით და მხარდამხარ ვიბრძოლებთ“, – დაწერა ბიბილოვმა ტელეგრამის არხზე.
მან უკრაინის წინააღმდეგ ომში ოსების მონაწილეობის ფაქტი გაამართლა და განაცხადა, რომ „ოს კაცს სხვა გამოსავალი არ დარჩა“.
„მეუბნებიან, რომ ჩვენ ბიჭებს სიკვდილზე აგზავნიან. არა – მათ გამარჯვებისთვის აგზავნიან“, – აღნიშნა ბიბილოვმა.
იმ ფოტოსთან დაკავშირებით, სადაც ასახულია უკრაინაში მიმავალი ოსები დროშაზე წარწერით – „სიკვდილი სჯობს სირცხვილს“- ბიბილოვმა განაცხადა:
„ეს სისხლში გვქონდა, გვაქვს და გვექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნუღარ ვამაყობთ ალანების სისხლით, სკიფების სისხლით. ალანები ბუჩქებში არ იმალებიან“.
ამის შემდეგ, ცხინვალის ლიდერმა „შიდა მტრები“ გააკრიტიკა. „გარე მტერზე უფრო საშიში შიდა მტერია. ისინი, ვინც საქართველოსთან სიტუაციას აზიანებს, ჩვენი მტრები არიან. ისინი, ვინც ეჭვებს გვინერგავს რუსეთის ქმედებებში, ჩვენი მტრები არიან“, – განაცხადა მან.
16 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ რეგიონში განთავსებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის შენაერთები, მათ შორის, ადგილობრივი ოსი კონტრაქტორები, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის გაემგზავრნენ.
მოსკოვთან 2017 წელს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის შეიარაღებული ძალები რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შევიდნენ, ხოლო დანარჩენი ძალების რაოდენობა კრემლთან თანხმდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)