მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის 509 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროგრამები დაამტკიცა 

მსოფლიო ბანკმა 23 მარტს 400 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ადამიანური კაპიტალის პროგრამა და 109 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კახეთის რეგიონის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი დაამტკიცა.

ბანკმა განაცხადა, რომ 400 მლნ აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება უდიდესი ერთიანი მრავალდარგობრივი ინვესტიციაა, რომელიც მსოფლიო ბანკმა საქართველოსთან პარტნიორობის 30 წლის განმავლობაში განახორციელა.

მსოფლიო ბანკის განცხადებით, ადამიანური კაპიტალის  პროგრამა  მიზნად ისახავს „საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას სამართლიანი და თანასწორი წვდომით მაღალი ხარისხის განათლებასთან, უკეთ ფოკუსირებულ სოციალურ დახმარებასთან და ძლიერ პრევენციულ ჯანდაცვასთან, მკურნალობისა და მედიკამენტების შემცირებული ხარჯებით“.

ბანკის თქმით, პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მომსახურების მიწოდების ეფექტურობის გაზრდაში და ხელს შეუწყობს მოწყვლადი ჯგუფების ჩართვას ჯანდაცვის, სოციალურ და დასაქმების სერვისებში. „მოსალოდნელია, რომ რეფორმები გააუმჯობესებს ბავშვიანი ღარიბი ოჯახების სოციალური დახმარების დაფარვას, და ამასთან, უკეთესად მოამზადებს და დააკავშირებს უმუშევარ პირებს დასაქმების შესაძლებლობებთან“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

ამას გარდა, პროგრამა მთავრობას დაეხმარება ჯანდაცვის მომსახურების შესყიდვისა და ფასწარმოქმნის რეფორმაში, ფარმაცევტული ბაზრის ეფექტიანობისა და თანასწორობის, ასევე პირველადი ჯანდაცვის, ისევე როგორც ჰოსპიტალური მკურნალობის გაუმჯობესებაში.

პროგრამა ხელს შეუწყობს „განათლების სისტემის დაფინანსებისა და ორგანიზაციის ფუნდამენტური რეფორმის“ განხორციელებას და ახალგაზრდებს უნარებისა და კომპეტენციების გამჯობესებაში დაეხმარება.

ბანკისვე ინფორმაციით, 109 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში მოხდება კახეთის რეგიონის დედაქალაქთან და ქვეყნის ავტომაგისტრალთა ქსელთან  დაკავშირება.

პროექტი დააფინანსებს 17 კმ სიგრძის და ოთხი ზოლის მქონე ავტომაგისტრალის მონაკვეთის მშენებლობას საგარეჯოსა და ბადიაურს შორის თბილისი – ბაკურციხე – ლაგოდეხის დერეფანში, რითაც კახეთს თბილისთან და ქვეყნის დანარჩენ რეგიონებთან დააკავშირებს.

ბანკის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პარალელურად, საქართველოს მთავრობა ააშენებს აღნიშნული დერეფნის პირველ სამ მონაკვეთს თბილისიდან საგარეჯომდე, ხოლო დერეფნის დარჩენილი ნაწილების მშენებლობა ბადიაურსა და ლაგოდეხს შორის მომავალ ეტაპზე ტრანსპორტის მოძრაობის დონიდან გამომდინარე განხორციელდება.

ასევე წაიკთხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)