სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილსა და დავით ზალკალიანს შეხვდა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი, დღეს, თბილისში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდა.
სომხეთის მთავარმა დიპლომატმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოს პრემიერის მიერ ინიცირებულ „მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივაზე“ იმსჯელეს, რომელიც მიზნად ისახავს დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა მშვიდობიან თანამშრომლობას და თანაარსებობას სამხრეთ კავკასიაში და მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონულ დიალოგში.
თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მირზოიანმა ირაკლი ღარიბაშვილს 24 მარტს მთიანი ყარაბაღის სოფელ ფარუხში/პარუხში აზერბაიჯანის გადაადგილებაზე მიაწოდა ინფორმაცია.
ამავე ინფორმაციით, საუბრისას, სომეხმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ თბილისთან კავშირების შემდგომი განვითარება ერევნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
მანამდე, დღესვე, დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ვაჭრობის, ეკონომიკისა და რეგიონული საკითხები განიხილეს.
დავით ზალკალიანმა სომეხ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე.
თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მინისტრმა მირზოიანმა შეხვედრაზე მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და ბაქოსთან ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის მედიაციით სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით ერევნის პოზიცია დააფიქსირა.
„საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის კოლეგას ასევე მიაწოდა ინფორმაცია წინაპირობების გარეშე თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის შესახებ“, – ხაზგასმულია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
შენიშვნა: მასალა მირზოიანისა და პრემიერ ღარიბაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციის შესაბამისად განახლდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)