მმართველი გუნდი ოპოზიციას კვლავ „ომის გაჩაღების განზრახვაში“ ადანაშაულებს

მმართველი გუნდის ლიდერები ოპოზიციურ პარტიებს კვლავ საქართველოში „ომის გაჩაღების განზრახვასა“ და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქვეყნაში „მეორე ფრონტის გახსნის“ მცდელობაში ადანაშაულებენ.

დღეს, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და თანაგუნდელების მხრიდან მისი სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნაზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყველას, ვინც რაიმე ფორმით სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს საქართველოში „ომის გაჩაღება“ სურს.

ჟურნალისტის მიერ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის დასკვნაზე მითითების შემდეგ, რომელშიც ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა „მნიშვნელოვნად გაუარესდა“, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ნინო ლომჯარიაც „ომის პარტიის“ წარმომადგენელია და „ბუნებრივია, [რომ] ისიც არის ამ განზრახვის შემადგენელი ნაწილი“.

ქართული ოცნების თავმჯდომარის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მიზანი წინაასაარჩევნოდ ქვეყანაში სიტუაციის „აჭრა“ და „ხელისუფლების გადატრიალება“ იყო. მისივე თქმით, ამის შემდეგ, იგი „თავის პარტნიორებთან“ ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან და ლელოს ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლასა და საქართველოს სახელით რუსეთთან ომში ჩართვას გეგმავდა.

„2008 წელს, მან თავის მიზნებს ბოლომდე ვერ მიაღწია, მხოლოდ გორში და სენაკში შემოიყვანა რუსული ტანკები. ახლა, შეეცდებოდა, მაქსიმალურად, რომ თბილისშიც გვენახა რუსული ტანკები“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „სახელმწიფო დადგა მოწოდების სიმაღლეზე“ და „ომის პარტიას“ ეს გეგმა ჩაეშალა.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ომი საქართველოსთვის იმაზე ბევრად უფრო მძიმე იქნება, ვიდრე უკრაინაში არსებული დღევანდელი ვითარება. „ადამიანებს, ვინც საქართველოს მოუწოდებს, რომ ჩაერთოს ომში, უნდა ეს ყველაფერი და ამაზე მეტი საქართველოში – სრული ჰუმანიტარული კატასტროფა, ეკონომიკურ-პოლიტიკური კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა მან.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი აფხაზებთან და ოსებთან „სისხლისმღვრელი ომის“ გამეორებას აღარ დაუშვებს, რაც „უდიდესი დანაშაული“ იქნებოდა ისტორიის, ქართველი ხალხისა და მომავალი თაობების წინაშე.

„ეს შეიძლება უნდოდეს სააკაშვილს ან სხვებს, მაგრამ ეს არის ის, რაც აბსოლუტურად უნდა გამოვრიცხოთ ჩვენ“, – დასძინა მან.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მთავარ მიზნად ქვეყნის „დესტაბილიზაცია“, „რევოლუციის“ მოწყობა და „მასობრივი მკვლელობების“, მათ შორის, ოპოზიციონერი ლიდერების მკვლელობების ორგანიზება დაასახელა გუშინ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც.

„ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ნიშნავდა ოკუპირებულ ქვეყანაში ახალი ომის დაწყებას. გესმით საერთოდ, რამხელა ბინძური პროვოკაცია ავარიდეთ ჩვენ ყველას?“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო „აქ იქნებოდა ომი. აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი ხელისუფლების, ამ „ანტისახელმწიფოებრივი“ და „ანტიეროვნული“ ძალის მმართველობიდან ჩამოშორებით, ქვეყანა სწორედ ასეთ რეალობას აარიდა.

ღარიბაშვილის თქმით, მან ყველა იმ „ვითომ მეგობარს“, ვისაც ჩვენს ქვეყანაში ომი, „ჩვენი ხალხის მოკვლა“ და ჩვენი ქვეყნის განადგურება სურდა, „იმედები გაუწბილა.

„მე ვპირდები მათ, რომ ყოველთვის გავუწბილებ იმედებს. არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი მეორე ომი საქართველოში არ იქნება. ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება“, – ხაზი გაუსვა პრემიერმინისტრმა. ღარიბაშვილმა არ დააკონკრეტა თუ ვის გულისხმობდა იგი, მაგრამ დიდი ალბათობით მან უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე მიანიშნა.

პრეზიდენტის, სახალხო დამცველისა და ოპოზიციის გამოხმაურება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არ უნდა იყოს საუბარი „რაღაც ომის პარტიაზე“.

„ჩემთვის ეს არ არსებობს“, – თქვა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ „არავინ არ არის ომის მომხრე საქართველოში“.

მანვე აღნიშნა, რომ სურს ომბუდსმენი პირადად დაიცვას და დასძინა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, განსაკუთრებით, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მის მიმართ მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბრალდებები „დაუსაბუთებელი“ და „ცილისმწამებლურია“.

ლომჯარიას თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე „კვალიფიციური“ და „კომპეტენტური არგუმენტების“ ნაცვლად, მმართველი გუნდი „პოლიტიკურ თავდასხმებს“ ამჯობინებს. „[ეს იმას] იმას ნიშნავს, რომ ასეთი არგუმენტები არ არსებობს“, – დასძინა ომბუდსმენმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშივლმა თქვა, რომ მმართველი გუნდის ლიდერები საკუთარი განცხადებებით „იქამდეც კი წავიდნენ, [რომ თქვეს], მარიუპოლი მოეწყობოდაო, თითქოს მარიუპოლი უკრაინის ბრალია ან [ვოლოდიმირს] ზელენსკის ბრალია, იქ რაც ხდება“.

„ეს ადამიანები რუსეთის აგრესიის პირველი დღიდან გულშემატკივრობენ უკრაინის გაქრობას საერთოდ ევროპული რუკიდან და რუსეთის სამხედრო გამარჯვებას“, – განაცხადა მან.

„ეს არის ავადმყოფური აზროვნების შედეგი“, – განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარის ბრალდებების საპასუხოდ ლელოს დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა.

„ეს არის ბოდვა, იმიტომ, რომ ომი გააჩაღა [ვლადიმირ] პუტინმა და ომის სხვა გამჩაღებელი არც საქართველოში ვიცი და არც უკრაინაში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ, შესაძლოა, „კობახიძეს ვიღაცები ელანდება ასეთად“.

„ეჭვი აღარ გეპარება, ვის გულშემატკივრობს ის ამ ომში“, – ხაზი გაუსვა დავით უსუფაშვილმა.

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას თანაგუნდელმა, ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ ირაკლი კობახიძის „ფანტაზიამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ისეთ მასშტაბებს მიაღწია, თამამად შეიძლება ვუწოდოთ ჭორბიუროს თავმჯდომარე“.

„ეს ბრალდებაც რომ ჩამოგენგრევა თავზე, კიდევ ერთხელ ხომ დადასტურდება, რომ პარტიის თავმოყვარე თავმჯდომარე კი არა, ჩვეულებრივი ჭორიკანა კაცი ხარ. ამ დონეზე დასაცინი თავი როგორ უნდა გაიხადო?“, – მიმართა მან Facebook-ით ირაკლი კობახიძეს.

შენიშვნა: მასალა პრეზიდენტის, ომბუდსმენისა და ოპოზიციონერი ლიდერების გამოხმაურებების შესაბამისად 2022 წლის 29 აპრილს, 16:30 სთ-ზე განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)