სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 9 ივნისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.
შეხვედრის შესახებ დამატებითი დეტალები არცერთ მხარეს გაუვრცელებია.
შეხვედრა ევროპარლამენტის მიერ კრიტიკული რეზოლუციის – „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა“ – ფონზე შედგა.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „ცალსახად უნდა აჩვენოს ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების პოლიტიკური მზადყოფნა, როგორც ამას ევროკავშირის წევრობაზე ქვეყნის განაცხადი მოწმობს“.
შეხვედრისა და რეზოლუციის მიღების პარალელურად, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის თაობაზე ევროკომისიის მოსაზრებას ელიან. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო ივნისის ბოლოსთვის მიიღებს.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინვე დებატებშიც მიიღო მონაწილეობა – „ქალები კონფლიქტებში“ – რომლის თანამასპინძელი პრეზიდენტი შარლ მიშელი იყო და სხვებთან ერთად მას უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკაც ესწრებოდა.
„რასაც უკრაინა ამ დღეებში აჩვენებს, არის ის, რომ ქალები აღარ არიან მსხვერპლნი. მათ შეასრულეს თავიანთი როლი, გამძლეობით, სრულად მონაწილეობდნენ საზოგადოების სრული ერთიანობის დემონსტრირებაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ღონისძიებაზე საუბრისას.
"What #Ukraine is demonstrating these days is that women have ceased to be victims. They have taken their role, resilient, fully participating in what has been one of the extraordinary demonstrations of complete unity of the society." @Zourabichvili_S #WomenInConflicts pic.twitter.com/iU9HxejC1W
— Charles Michel (@CharlesMichel) June 9, 2022
ასევე წაიკითხეთ:
- ევროპარლამენტის ლიდერები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ ჩქარობენ
- თეა წულუკიანი „ნაც“ ევროპარლამენტარებსა და აშშ-ის ყოფილ ელჩს აკრიტიკებს
- პრეზიდენტი ევროპარლამენტარებზე ქართული ოცნების განცხადებებში ლოგიკას ვერ ხედავს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)