„ნეიტრალიტეტის დარღვევა“ თუ „დისკრედიტაციის მცდელობა“: „სამართლიანი არჩევნები“ მმართველი გუნდის ბრალდებებს პასუხობს
რა მოხდა?
მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) 18 აგვისტოს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების მიზნით შექმნილ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე არ მიიწვიეს.
- არასამთავრობოები ქართულ ოცნებას ISFED-ის სამუშაო ჯგუფში ჩართვისკენ მოუწოდებენ
- საარჩევნო სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფში ISFED-ის ჩართვაზე უარისთვის მმართველ პარტიას აკრიტიკებენ
როგორ ასაბუთებს ამას მმართველი პარტია?
„ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, მოუწვევლობის მიზეზი ორგანიზაციის მიერ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ დარღვევაა, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარის მიღების შემდეგ, 24 ივნისს გამართულ აქციაში „სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის მონაწილეობაში, კერძოდ კი – ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნასთან მიერთებაში გამოიხატა.
ვინ რას ამბობს?
- გივი მიქანაძე, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს: „შეუძლებელია, ლეგიტიმურ პროცესში შემოვიდეს ის ორგანიზაცია, რომელიც ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ითხოვს მთავრობის გადაყენებას, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას და ამ ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების პროცესში არასამთავრობო სექტორის სახით მონაწილეობას“
- შალვა პაპუაშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, „სამართლიანი არჩევნები“ ერთ-ერთი იმ ორგანიზაციათაგანი იყო, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მეორე დღეს, 24 ივნისს გამართულ აქციაზე, პარლამენტს მთავრობის დასათხოვად და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესარჩევად ერთკვირიანი ულტიმატუმი წაუყენა, რომლის ფორმირების პროცესშიც ვეტოს უფლება მათ ექნებოდათ. პაპუაშვილის თქმით, თუკი ორგანიზაციაში იტყვიან, რომ ისინი აღარ იზიარებენ ამ პოზიციას და წამოყენებულ მოთხოვნებს „მოხსნიან“, „მათ სრულად შეუძლიათ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფების მხრივ თანამშრომლობა შეუძლებელი იქნება“.
- ირაკლი კობახიძემ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, 23 აგვისტოს გაამძაფრა კრიტიკა და თქვა, რომ 2020 წელს „ISFED ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული“ და ამდენად „პირდაპირ იყო ჩართული იმ რევოლუციურ პროცესებში, რომელიც იყო მართული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან.“ კობახიძემ 2020 წლის მოვლენები 24 ივნისის ამბებს პირდაპირ დაუკავშირა და თქვა – „ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ISFED-ს უკვე პარლამენტის წინ აღმართულ სცენაზე, სადაც გაისმის პოლიტიკური მოთხოვნა, მათ შორის, მათი მხრიდან, მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებაზე.“
ფაქტები: რა მოხდა 24 ივნისს?
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, თუმცა უკრაინისა და მოლდოვასაგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ქვეყანას თორმეტი მოთხოვნის შესრულება დაავალა.
იმავე დღეს, გვიან ღამით, სამოქალაქო პლატფორმა „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ წევრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, კანდიდატის სტატუსის ვერმიღების გამო მთავრობა გააკრიტიკეს და მოქალაქეებს 24 ივნისს, პარლამენტის წინ დაგეგმილ პროევროპულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს. გამომსვლელ სამოქალაქო აქტივისტებს შორის იყო „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორი, ნინო დოლიძეც.
ბრიფინგზე მართლა მოითხოვა ნინო დოლიძემ მთავრობის გადადგომა?
დოლიძემ მაშინ მთავრობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ყველგან უნდა ყოფილიყო, ყველა ევროპულ დედაქალაქში უნდა ყოფილიყო და ყველაფერი ეკეთებინა რაც მის ხელთ იყო და მის ხელთ არ იყო, ვნახეთ ყველაფერი საპირისპირო, იმისათვის, რომ ჩვენ არ მიგვეღო დღეს სტატუსი“. „ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ევროპული კარი არ დაიკეტოს საქართველოსთვის ჩვენი, ისტორიული არჩევნისკენ წინ ვიაროთ“, თქვა დოლიძემ და მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენაც მოუწოდა, თუმცა მოქმედი მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის ფორმირებაზე არაფერი უთქვამს.
აქციაზე რა განცხადება გააკეთა „სამართლიანმა არჩევნებმა”?
უკვე 24 ივნისს, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბების მოთხოვნა, მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ სახელით სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, შოთა დიღმელაშვილმა გააჟღერა. როდესაც სცენაზე „შინ ევროპისკენ“ წევრები იხმეს, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად იყო ნინო დოლიძეც, თუმცა ის სიტყვით არ გამოსულა. არც ტექნიკური მთავრობის ფორმირების პროცესში არასამთავრობოებისთვის „ვეტოს უფლების მინიჭებაზე“ ყოფილა საუბარი.
„სამართლიანი არჩევნების“ პოზიცია
მმართველი პარტიის კრიტიკის კვალდაკვალ ჩვენი გამოცემა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დირექტორს, ნინო დოლიძეს გაესაუბრა. გთავაზობთ მის კომენტარს.
„ნეიტრალიტეტის დარღვევაზე“
ნინო დოლიძე ამბობს, რომ თავისი 27-წლიანი მუშაობის განმავლობაში ორგანიზაცია არასდროს ყოფილა რომელიმე პოლიტიკურ პარტიის მხარდამჭერი ან წინააღმდეგი. „ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ქვეყანაში“.
„ჩვენთვის შედეგი არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, როგორ ტარდება არჩევნები. ამას ემსახურება ორგანიზაცია და მისი ყველა ოფიციალური განცხადება, რაც კი არის, მიმართულია აქეთკენ. თუკი რომელიმე პარტია ან სუბიექტი არღვევს რაიმეს, ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ,“ ამბობს დოლიძე.
24 ივნისის აქციასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის კრიტიკას ის პასუხობს, რომ „სამართლიანი არჩევნებს“, ნეიტრალიტეტი არასდროს დაურღვევია და საპროტესტო აქციაზე სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების მსგავსად, ევროპული მომავლის მოთხოვნით იდგა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ორგანიზაცია არ იყო აქციის ორგანიზატორი, თუმცა მხარს უჭერდა პროევროპულ აქციების, რაც „არის ჩვეულებრივი უფლება და ვსარგებლობდი ამ უფლებით“.
24 ივნისი, მიზეზი თუ საბაბი?
დოლიძე ამბობს, რომ საპროტესტო აქციაზე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც იდგნენ, თუმცა საარჩევნო კოდექსის სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარი მხოლოდ მათ უთხრეს, რაც შერჩევითი დისკრიმინაციის ნიშანია. მისი თქმით, მმართველი პარტიის რეალური მოტივი კოდექსის დამუშავებაში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის შეზღუდვაა და მათ მიერ მოტანილ საბაბზე მსჯელობა უადგილოა.
„ვფიქრობ, რომ [ქართული ოცნების გადაწყვეტილება] არის დისკრიმინაციული და შერჩევითი და ამიტომ აღარ ვაგრძელებთ ამაზე საუბარს…შესაბამისად, დეტალებში აღარ შევდივარ“, ამბობს დოლიძე.
მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის მონაწილეობა რეფორმებში ევროკავშირის თორმეტიდან ერთ-ერთი მოთხოვნაა. „ზოგადად, იმის გამო, რომ ვიღაცა აქციაზე იდგა, არ არის შერჩევის ის კრიტერიუმი, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად იყო საჭირო. მთავარი არის საქმე და ის თუ ვის შეუძლია გამოცდილების მოტანა და არა ის, თუ ვინ არ მოგწონს და ვინ არის კრიტიკული ხელისუფლების მიმართ“.
პოლიტიკური ამბიციების ბრალდება
ნინო დოლიძე უარყოფს იმასაც, რომ მისი ორგანიზაცია ტექნიკური მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობას აპირებდა. „სიმართლეს არ შეესაბამება, რომ „სამართლიან არჩევნებს“ სურდა მთავრობის ფორმირებაში ვეტოს უფლებით სარგებლობა […] „სამართლიან არჩევნებს“ არასოდეს გამოუხატავს სურვილი და არც მოთხოვნა, რომ მსგავსი მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობა მიეღო. ასეთ განცხადებას ვერ იპოვიან ვერსად“, – ამბობს ის.
მმართველ პარტიასთან თანამშრომლობის პარადოქსი
ჩვენ ვკითხეთ ნინო დოლიძეს, თუ რამდენად ლოგიკურია მმართველი პარტიის მიერ გამართულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა მაშინ, როდესაც თავად ის მმართველი პარტიის პოლიტიკას მძაფრად აკრიტიკებს და მას ევროკავშირის რეკომენდაციების შეგნებულ საბოტაჟში დებს ბრალს.
დოლიძის თქმით, მისი ორგანიზაციის პოზიციაა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, თანამშრომლობა საჭირო იყო, რადგანაც ევროკომისიის თორმეტი რეკომენდაცია შესასრულებელია.
„ამ მოტივაციით და ამ სულისკვეთებით გადავწყვიტეთ, რომ მიგვეღო მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში და ნებისმიერ აქტივობაში, რომელიც შეუწყობდა ამ პროცესს ხელს და ცხადია, ჩემი სურვილი იყო, რომ საარჩევნო საკითხებზე რაც იქნებოდა, იმ დისკუსიაში მიგვეღო მონაწილეობა […] თუმცა, ნახეთ როგორ გაგრძელდა [ეს პროცესი]“, – აღნიშნა „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა.
„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა თქვა, რომ „საბოლოო ჯამში, ევროკავშირი შეხედავს ქვეყანამ მიაღწია თუ არა წარმატებას და გაატარა თუ არა ის 12 რეკომენდაცია, რომელიც მათ წარმოგვიდგინეს. ერთი შეხედავენ პროგრესს და მეორე შეხედავენ პროცესს“.
„პროცესში ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, რომ გვეთანამშრომლა და თავად მმართველ პარტიას არ სურს ეს. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა, აისახება ამ ყველაფერზე და ჩვენი წუხილი სწორედ ამას უკავშირდება, რომ ქვეყანა დაზიანდება და ეს მგონია ძალიან დიდი პრობლემა. ეს ქართულ ოცნებას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს და რადგან ასე გადაწყვიტეს, ალბათ მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ის შეფასება და ის თუ რა მოჰყვება ამას“, – თქვა მან.
კამპანია არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ?
ნინო დოლიძემ გვითხრა, რომ გარდა საჯარო განცხადებებისა და ბრიფინგებისა ქართული ოცნებას მათთან ამ თემაზე პირდაპირ არ უსაუბრია და კომუნიკაცია არ ჰქონია. დოლიძის განცხადებით, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმამ მმართველ გუნდს საარჩევნო რეფორმების ჯგუფში „სამართლიანი არჩევნების“ ჩართვა შესთავაზა, პოზიცია სწორედ მათთან დააფიქსირეს.
„[ამის შემდეგ], თვითონ გამოვხატე სურვილი, რომ მზად ვარ, შევხვდე და დაველაპარაკო, იმიტომ, რომ გაუგებარი იყო ჩემთვის რატომ [მხოლოდ] ISFED- და სხვა არა?… თუმცა, ამას არ მოჰყოლია გაგრძელება, გარდა იმ საჯარო განცხადებებისა, რაც მოვისმინეთ“, – გვითხრა ნინო დოლიძემ.
მისივე განმარტებით, ასევე „არასწორია“ და „დისკრიმინაციულია“ მხოლოდ ერთი ორგანიზაციისთვის ე.წ. „ულტიმატუმის“ უკან წაღების მოთხოვნაც. „[ზოგადად], ასეთი მოთხოვნებით საუბარი, ახლა, დისკუსიის სხვაგან გადატანის მცდელობა უფროა, ვიდრე საკითხებზე მსჯელობის“, – დასძინა დოლიძემ.
სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციის კონტექსტში, ნინო დოლიძემ მმართველი გუნდის მხრიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებულ ხმების პარალელურ დათვლაში აღმოჩენილ ხარვეზზე მუდმივ მინიშნებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „მმართველი პარტიისთვის ყოველთვის სასურველი იყო სამოქალაქო ორგანიზაციების დისკრედიტაცია და ახლა, როდესაც ხელში ასეთი შესაძლებლობა აქვთ, როდესაც ორგანიზაციას შეეშალა, ცხადია, ამას გამოიყენებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს იყო შეცდომა და არა რაიმე მიზანმიმართული ქმედება“.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არა ეს აქციები სხვა მიზეზის მოფიქრება ნებისმიერ დროს შეეძლებათ, რომ ამაზე ისაუბრონ და ეს აქვთ ხელში იმისთვის, რომ თუკი ორგანიზაცია ოდესმე გამოხატავს განსხვავებულ აზრს ან იქნება კრიტიკული, რომ შეახსენონ, რომ თქვენ შეგეშლათ და თითქოს ამის შემდეგ საუბრის უფლება არ გვაქვს“, – თქვა ნინო დოლიძემ და დასძინა, რომ მაშინ ორგანიზაციამ აიღო ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა და თავმჯდომარე შეცვალა.
კამპანიის სავარაუდო მიზეზები
ნინო დოლიძე „სამართლიანი არჩევნების“ მიმართ მმართველი გუნდის დამოკიდებულებას სამი მიზეზით ხსნის. პირველი – „მათთვის არ არის სასურველი, როდესაც ქვეყანაში არის „ვოჩდოგი“, რომელიც არის კრიტიკული“.
მისივე თქმით, მეორე მიზეზი, შესაძლოა, შეიძლება ეს იყოს მომავალი არჩევნებისთვის წინასწარ მზადება და საარჩევნო თემებზე სიმართლის მთქმელი ორგანიზაციის წინასწარ დისკრედიტაციის მცდელობა, „რომ რასაც [ორგანიზაცია] იტყვის მომავალში, რაღაცნაირად ამას ფასი დაუკარგოს“.
„მესამე – დარწმუნებული ვარ, რომ ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად იცის, რომ „სამართლიანი არჩევნები“ არის მიუკერძოებელი და არავის მხარესაა, მაგრამ, ალბათ, ეს ძალიან კარგი პოლიტიკური მესიჯია სამოქალაქო ორგანიზაციებზე თავდასხმის მცდელობისთვის, [მათი] დისკრედიტაციის, გაშავების მცდელობისთვის“, – დასძინა მან.
„სამართლიანი არჩევნების“ გეგმები
„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მიუხედავად სამუშაო ჯგუფში ორგანიზაციის ჩართვაზე მმართველი პარტიის უარისა, ისინი სექტემბრიდან პროცესში ჩართულ ყველა მხარეს შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენენ.
„ჩვენ ჩვენს პროცესს ცხადია გავაგრძელებთ, იმისათვის, რომ უკეთესი საარჩევნო რეფორმა იყოს ქვეყანაში. ჩვენ ვართ საქმეზე კონცენტრირებულნი და არა ყურადღების გადატანის მცდელობაზე […] რაც შეეხება სამუშაო ჯგუფს, მე წარმატებას ვუსურვებ […] ჩვენი სურვილი ერთადერთია, რომ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების მიმართულებით წავიდეს და კანდიდატის სტატუსი მიიღოს და თუკი ამას ვინმე გააკეთებს, ცხადია, მხოლოდ გაგვიხარდება“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
ამ კონტექსტში მან, ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ ჯგუფებში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მხოლოდ ორწევრიანი კვოტის გამოყოფაც გააკრიტიკა და თქვა, რომ ზოგადად, უფრო მეტი სხვადასხვა მხარეა ჩართული პროცესში, მით მეტად დგება სხვადასხვა საკითხი, უფრო ინკლუზიურია გარემო და უფრო მეტად ხდება საარჩევნო რეფორმაში არსებული ხარვეზებზე საუბარი და მათ აღმოფხვრის მცდელობაც უფრო მეტია.
ასევე წაიკითხეთ:
- აშშ-ის საელჩო: საარჩევნო რეფორმების ჯგუფში ISFED-ის არდაშვება ევროკომისიის რეკომენდაციას ეწინააღმდეგება
- ევროკავშირის წარმომადგენლობა სამუშაო ჯგუფებში არასამათავრობოთა ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)