რეფორმატორები მამალაძის პოსტიდან გადაყენებას ითხოვენ

ფრაქციები მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის და დემოკრატები ქვემო ქართლის გუბერნატორის ლევან მამალაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

გუშინ პოლიციამ მამალაძის ყოფილი მცველი დააპატიმრა, რომელიც 2 ივნისს რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენების გატაცებაშია ეჭვმიტანილი.

(თბილისი, 4 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – როგორც მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის წევრმა კოტე კემულარიამ დღეს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, ამ ფაქტის შემდეგ აშკარაა, რომ ლევან მამალაძე ბიულეტენების გატაცების ორგანიზატორი იყო.

ლევან მამალაძის თანამოაზრემ, ფრაქცია ალიანსი ახალი საქართველოსათვის ლიდერმა ირაკლი გოგავამ ეჭვქვეშ დააყენა გამოძიების ობიექტურობა იქიდან გამომდინარე, რომ გენერალური პროკურატურის მოადგილე ბადრი ბიწაძე არის პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე.

რუსთავიდან ბიულეტენების გატაცების შემთხვევას გენერალური პროკურატურა იძიებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)