საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთს სტუმრობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით 27-28 თებერვალს სომხეთს სტუმრობს.

ღარიბაშვილი სომხეთის თავდაცვის მინისტრს დავით ტონოიანს შეხვდა და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები განიხილა. მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი, რომელიც ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია წიწერნაკაბერდის მემორიალს ესტუმრა და სომხური გენოციდის მსხვერპლებს პატივი მიაგო.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. „პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და მინისტრმა ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვეს, რომ ორ ქვეყანას საუკუნოვანი ისტორიული, კულტურული ურთიერთობები და ქრისტიანული ღირებულებები აკავშირებს, რაც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთკავშირისთვის მყარ საფუძველს ქმნის“, – განაცხადა ფაშინიანის პრესსამსახურმა.

„მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები სომეხ ხალხთან“, – დაწერა ღარიბაშვილმა Twitter-ზე. მან [სამხრეთ კავკასიის] რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით, დაბალანსებული ურთიერთობების პოლიტიკას დაუჭირა მხარი. მხარეები ამ თვალსაზრისით ერთობლივი ძალისხმევის საჭიროებაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი 28 თებერვალს მას შემდეგ დასრულდება, რაც იგი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ზოჰრაბ მნაცაკანიანს და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს შეხვდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)