ცილისწამება: პრეზიდენტის თემა
შეზღუდავს თუ არა ცილისწამების რეგულირება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას?
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ცილისწამებისა და ყალბი ამბების (ე.წ. „ფეიკ-ნიუსების“ ) გავრცელების კუთხით არსებული პრობლემის შესახებ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საუბრობდა და საკითხის გადაჭრის აუცილებლობაზე მიუთითებდა. არჩევის შემდეგაც ეს თემა მისთვის პრიორიტეტულად რჩება. წინადადების დეტალები ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუმცა ექსპერტებისა და პოლიტიკოსების აზრები უკვე მკვეთრად გაიყო.
საახალწლო მილოცვის ტექსტში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ იმისათვის, რათა მომავალში ვინმე სხვას „აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება და სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც“.
სულ მალე, 11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანამ უნდა დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდეს სოციალურ მედიაში ცილისწამების მზარდ შემთხვევებს.
ამავე თემაზე, ცილისწამების შეზღუდვასთან დაკავშირებით, პარალელურად ალაპარაკდნენ, როგორც მმართველი “ქართული ოცნების” ლიდერები, ისე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელმაც ამ თემას თავისი საშობაო ეპისტოლეს ნაწილი დაუთმო.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ბევრი წარმომადგენელი პრეზიდენტს კონკრეტიკის ნაკლებობისათვის აკრიტიკებდა, რადგან მათი აზრით, ყალბი ამბების, დეზინფორმაციისა და ცილისწამების თემები განსხვავებულია და განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს.
სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სათათბიროდ პირველ თებერვალს მიიწვია და კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ „ცილისწამება და დეზინფორმაცია, საკითხები, რომელიც ძალიან მწვავედ დგას ჩვენს საზოგადოებაში“ და „ამის შესწავლა, მგონი, არის აუცილებელი“-ო.
არასამთავრობოების პოზიცია
თუკი შეხვედრა მიზნად არასამთავრობო სექტორისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის ნდობაზე დამყარებული თანამშრომლობის განვითარებას ისახავდა, პრეზიდენტი ამაოდ დაშვრა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების კომენტარებში სკეპტიციზმი ჭარბობდა.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ აღნიშნა, რომ „შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ რეალურად გავიგეთ, რა ფარული ზრახვები შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას“.
მისივე თქმით, საუბარია მტკიცების ტვირთის მიმართულების შეცვლაზე, „რაც ნიშნავს, რომ თუკი დღეს მოსარჩელე ამტკიცებს სასამართლოში, რომ გავრცელებული ინფორმაცია, ფაქტი, არის არასწორი, შესაძლოა მტკიცების ტვირთი გადავიდეს მეორე [ჟურნალისტის] მხარეს, რაც იქნება… დამაზიანებელი ჟურნალისტური საქმიანობისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის“.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, სულხან სალაძე ამბობს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე მან „ხელშესახები“ ვერაფერი გაიგო. მისი თქმით, გაისმა “მოუმზადებელი განცხადებები”. სალაძისათვის მიუღებელია, “როდესაც ადმინისტრაციული ორგანო, პრეზიდენტის მონაწილეობით მართავს შეხვედრას და არ აქვს კონკრეტული შემოთავაზება“.
„თუ მსჯელობა გაგრძელდება მომავალში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საზიანოდ ამას არ ექნება მხარდაჭერა“, – აღნიშნავს ის.
ის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან შეხვედრაზე კონკრეტული არაფერი თქმულა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმაც აღნიშნა. ძველიშვილის თქმით, ერთადერთი რაც შეხვედრაზე მკაფიოდ ითქვა, ის არის, რომ ცილისწამება სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი არ გახდება.
„ცოტა უცნაური ფორმატი იყო ჩემთვის, იმიტომ, რომ ისინი ელოდებოდნენ ჩვენგან მოსაზრებებს, თუმცა ჩვენ არ ვიცოდით რაზე უნდა გამოგვეთქვა მოსაზრებები, იმიტომ, რომ ინიციატივა ჩვენგან არ წამოსულა“, – განმარტა ძველიშვილმა.
მისივე თქმით, ერთი რამ, რაც ძალიან პოზიტიური იყო ამ შეხვედრაზე ის იყო, რომ
„არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ამ მიმართულებით რეგულირება საჭირო არ არის“.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, მათ პროცესის ორგანიზება არასამთავრობოებისაგან განსხვავებულად წარმოუდგენიათ და შეხვედრაზე დამსწრეთა უკმაყოფილებასაც ამითი ხსნიან.
ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ქეთევან მახარაშვილი განმარტავს, რომ დასაწყისში პრეზიდენტმა არასამთავრობოებს ინიციატივის საშუალება მისცა, რასაც „საზოგადოება სამწუხაროდ შეჩვეული არ არის“.
„ამიტომაც არ მიკვირს არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი რეაქცია, რომ ჩვენ არაფერი დავდეთ, არც დავდებთ, სანამ საკმარისი მასალა და ინფორმაცია არ გვექნება“, – განაცხადა მახარაშვილმა.
რაზეა დავა? საკანონმდებლო ჩარჩო
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით ცილისწამება სისხლის სამართლის წესით 2004 წლიდან აღარ ისჯება.
კანონის მიხედვით, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.
ნებისმიერ პირს შეუძლია, რომ მეორე პირის მიმართ ცილისწამებისთვის სამოქალაქო სამართლებრივი დავა დაიწყოს. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთიც სწორედ მას დაეკისრება.
თუკი მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება მის მიმართ „არსებითად მცდარ ფაქტს“ შეიცავს, რის გამოც მას ზიანი მიადგა, ცილისმწამებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ფრანგული აქცენტი
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომელიც ყოფილი ფრანგი დიპლომატია, თავისი ინიციატივის კონტექსტში არაერთხელ ახსენა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით საფრანგეთში 2018 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში მიღებილი კანონი „ინფორმაცით მანიპულირების წინააღმდეგ“.
ამ კანონით საფრანგეთში პირველად განისაზღვრა „ყალბი ინფორმაცია“ საარჩევნო კონტექსტში, როგორც „ბრალდებები და არაზუსტი ან შეცდომაში შემყვანი ცნობები, რომელთა მიზანიცაა ამომრჩევლის გულწრფელ გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა“.
კანდიდატებსა და პარტიებს, რომლების წინააღმდეგაც ასეთ ინფორმაციას გაავრცელებენ, უფლება ეძლევათ მიმართონ მოსამართლეს და მისი გადაწყვეტილებით არჩევნების თარიღამდე სამი თვით ადრე ვადაში შეზღუდონ ამ ინფორმაციის გავრცელება.
ამავე კანონით, სოციალური მედიის წამყვან საშუალებებს – ფეისბუკს, ტვიტერსა და გუგლს – დაევალათ, გაასაჯაროონ ინფორმაცია პოლიტიკური რეკლამების ავტორებისა და მათ მიერ გადახდილი თანხების შესახებ.
საფრანგეთის მთავრობამ კანონში ეს კონკრეტული ჩანაწერი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით ახსნა. მიუხედავად ამისა, კანონს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ისინი მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ჩანაწერმა, შესაძლოა, ხელი შეუწყოს თვითცენზურის დამკვიდრებას და შეზღუდოს პრესის თავისუფლება.
ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა
მიიღებს თუ არა ცილისწამების კიდევ უფრო მეტად რეგულირების შესახებ პრეზიდენტის წინადადება საკანონმდებლო ინიციატივის სახეს, ჯერჯერობით უცნობია. ამას ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აკონკრეტებენ.
თუმცა, ერთი რამ ცხადია: არასამთავრობო სექტორი ამ მიმართულებით რაიმე დამატებითი რეგულაციების შემოღების წინააღმდეგია და ყველა მსგავს მცდელობას, დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად აფასებს.
როგორც ჩანს, პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისას, უკეთესი ტონისა და ფორმატის გამოძებნაც მოუწევთ. პრეზიდენტის ნაადრევი გასვლა მისივე ორგანიზებული შეხვედრიდან, ისევე, როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლის მენტორული განცხადება არასამთავრობოებს გულში ხინჯად ჩარჩათ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)